თეგი: უვიზო მიმოსვლა

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, საელჩო ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

უკრაინამ შესაძლოა, ისრაელთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ეს გამოწვეულია იმ შეზღუდვით, რომელსაც ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს უწესებს. გარდა ამისა, ისრაელში შესვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები დაინერგა. „რუსეთის მოქალაქეები შედიან ისრაელში შეზღუდვების გარეშე. ასევე - ბელორუსის მოქალაქეებიც, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს ეს ელექტრონული ვიზები აქვთ. მეუბნებიან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა შევაჩეროთ თუ არა უვიზო მიმოსვლა ისრაელელებისთვის საპასუხოდ“, - განაცხადა კორნიიჩუკმა. ელჩის თქმით, ისრაელის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გამო ბოლო პერიოდში ისრაელიდან უკრაინელების სერიოზული გადინება მოხდა.  

დარჩიაშვილი: მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით. დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე ჰყავს 85 საპატიო კონსული. ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი  საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება. მინისტრმა საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების   პრიორიტეტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელდა  საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მასშტაბური განახლება, ასევე მიმდინარეობს  ვებ-გვერდის  დეველოპინგის პროცესი. თითოეული ინოვაციის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომფორტული სერვისის შეთავაზება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მომსახურებისა და ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დარჩიაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის/შენგენის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებთან: ფილიპინების რესპუბლიკა, ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო, ირლანდია, ჰონდურასი და პერუ. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებასა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან წვდომის ხელშეწყობას ემსახურება.

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთში ალბანეთის საელჩო იტყობინება.  ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს პირველი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა. „ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში გაცნობებთ, რომ ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბრის №858 ბრძანებულება უქმდება. ამრიგად, ალბანეთის რესპუბლიკაში მოსანახულებლად აუცილებელია ვიზაზე განაცხადი მოგზაურობის მიზნის შესაბამისად“, - წერს საელჩო. 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. შედეგად გაიზარდა ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი, განაცხადის განხილვის ვადა და სავიზო მოსაკრებელი: 35-დან 80 ევრომდე. მოგვიანებით, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა დახურეს საზღვრები რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამაც გააუქმა უვიზო შესვლა რუსებისთვის, მონტენეგრომ ზაფხულში უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა, ხოლო ყაზახეთმა 90 დღემდე ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მ და კანადამ დახურეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. ბევრმა ავიაკომპანიამ, მათ შორის აზიისა და დსთ-ს ქვეყნებიდან, რუსეთში ფრენები შეწყვიტა.  

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკების ეფექტურად აღსაკვეთად, მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირების მონიტორინგისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებული წესების ხელახლა შეფასება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს. როგორც ევროკომისია გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლას მოაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის. ამავდროულად, ევროკომისია დასძენს, რომ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შესაძლოა წარმოიქმნას მნიშვნელოვანი მიგრაციული და უსაფრთხოების გამოწვევები. ამასთან, ევროკომისია აცხადებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა შესაბამისობამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა შესაძლოა სატრანზიტო ჰაბად გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური მიგრაციისთვის. აღნიშნულის მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ის ქვეყნებია დასახელებული, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს და რომლებიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მზარდი რაოდენობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესასვლელად გამოიყენებოდა. საკითხზე ევროკომისიასა და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის დაუყოვნებლივი კონტაქტის შემდეგ, უვიზო რეჟიმთან შესაბამისობის მხრივ, არსებითი პროგრესის მიღწევა მოხდა. შედეგად კი, ევროკომისიის ცნობით, არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში შემცირდა.  

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა იმოქმედებს

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი. „ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.“ დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა, ფილბერტ აარონმა. დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.  

ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს

ჩინეთი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს ვიზის საჭიროებისგან დროებით გაათავისუფლებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 2024 წლის დეკემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბიზნესის კეთების, ტურიზმის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტით, არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში, ვიზა არ დასჭირდებათ. „სამწლიანი კოვიდშეზღუდვების შემდეგ, ბოლო თვეებში ჩინეთი ტურიზმის სექტორის აღსადგენად ნაბიჯებს დგამს. პეკინი ასევე ცდილობს თავისი გლობალური იმიჯის აღდგენას ბევრ დასავლურ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე,“ წერს Reuters-ი. მისივე თანახმად, ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა ნორვეგიის ჩათვლით, სულ 54 ქვეყანაში გააფართოვა.

განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის პროგრამაში ახლა 41 ქვეყანა მონაწილეობს და უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, შეერთებულ შტატებში საქმიანი ან ტურისტული მიზნით, 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორიენტირებულია იმ სფეროებზე, სადაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა შესაძლებელი. „ვაჭრობის კუთხით, შეერთებული შტატები აფასებს მის ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობას საქართველოსთან და აღნიშნავს, ამერიკული საქონლის საქართველოში იმპორტის გაღრმავებას, რაც 2023 წელთან შედარებით, თითქმის 34%-ით გაიზარდა. ამ ურთიერთობას მხარს უჭერს ჩვენი ორმხრივი დისკუსიები, რომელსაც ატარებს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოში და სხვა პლატფორმებზე. ბევრი ქვეყანა არ არის ორიენტირებული სრული შეთანხმების მოლაპარაკებაზე, რადგან ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამის ნაცვლად, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია, გავზარდოთ ვაჭრობა და თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, რაც ელჩ დანიგანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, 30 წელზე მეტი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებს. „ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მეტი მოგზაურობისა და ვაჭრობის წახალისებისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის წერილობით პასუხში კითხვაზე, რომლითაც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, გასული თვის მიწურულს მიმართა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის ხმამ ჰკითხა, განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. „შეერთებულ შტატებს, მთელ მსოფლიოში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ არიან უვიზო რეჟიმის პროგრამის ნაწილი. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას იმისთვის, რომ იყოს უფლებამოსილი, ჩაერთოს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხში, რომელიც 29 მარტით თარიღდება.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 აპრილს ოფიციალურად გაფორმდა. სამინისტროში გაფორმდა დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა. თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.